18:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-18 15:11:51, 565 ნახვა

პოლიტიკა
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი

„ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებისას დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობისა და მათი დაუსჯელობის შესახებ.

ოლიგარქის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც დებატები ორ მხარეს შორის, - რომელთაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, - სრულდება „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის ძახილით“. მისი თქმითვე, პოლარიზაცია „ხელოვნურადაა შექმნილი“.

"ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. [...]

მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია.

პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება - ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს "ქოცი", "რუსი", "აკაცუკი", "ნაცის" ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად.

ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე პირადად, ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს და ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ.

ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, მიხარია, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა, საუბარი ჩატარდება, ეს იქნება "ქართული ოცნების" თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდების მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მგონია, დებატი, დისკუსია, ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი." - თქვა ცოტნე ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე

ცოტნე ივანიშვილს ეს შეკითხვა დაუსვეს შაბათს, 18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე. მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს პოლარიზაციის მაღალ დონეზე, ასევე აქციებზე ნაცემ ახალგაზრდებზე და ამის ფონზე პოლიციელთა დაუსჯელობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics