17:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:30:47, 653 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს მიაჩესლავ გოცულის შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ლატვიის შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალს პოლონეთის გენერალურ შტაბში ოფიციალური სამხედრო ცერემონიით დახვდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლონეთისა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ მიაჩესლავ გოცულის პოლონეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე.

გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვარშავაში სამხედრო პოლიციის სპეციალურ ქვედანაყოფს ესტუმრა. სამხედრო პოლიციაში გამართულ შეხვედრას სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე დაესწრო.

ვარშავიდან საქართველოს გენერალური შტაბის დელეგაცია კრაკოვში გაემგზავრა, სადაც პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობა მდებარეობს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics