2016-05-19 22:32:17, 590 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რიჩარდ ჩარნეცკის შემდეგ დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელმა რიჩარდ ჩარნეცკის სამუშაო სადილზე გუშინ უმასპინძლა. დღეს კი ევროპარლამენტარები თავდაცვის სამინისტროში მიიღო. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ვიზალიბერალიზაცის საკითხსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ვარშავის სამიტის მოლოდინები იყო. ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ქართულ მხარეს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან პოლიტიკაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ევროპარლამენტარებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებზე, რომელშიც საქართველო მონაწილეობს - ანუ მალიში და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებზე. ბევრი ვისაუბრეთ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე, მუდივი გატაცებების პროცესზე, რომელიც სახეზეა. თავისთავად ცხადია, როდესაც ევროპარლამენტარებს ხვდები, ვერ აცდები ვიზალიბერალიზაციაზე საუბარს. ეს ადამიანები საქართველოს მეგობრები არიან და მოწადინებულები არიან, ევროპარლამენტში მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ დადგება... გუშინ ასევე მქონდა შესაძლებლობა, ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს რიჩარდ ჩარნეცკის შევხვედროდი, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოს წარმომადგენელია ევროპარლამენტში და, შესაბამისად, მასთან შეხვედრაზე პოლონეთთან უფრო ინტენსიური ურთიერთობების შესახებაც ვისაუბრე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და სხვა უწყებების ხელმძღვანელებთან. ევროპარლამენტარები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან