2017-01-08 11:50:20, 2362 ნახვა
მსოფლიო
მაიამის აეროპორტში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს ოფიციალური ბრალი წაუყენეს
აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ესტებან სანტიაგოს, რომელიც ფლორიდის ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში 5 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ოფიციალური ბრალდებები წაუყენა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, 26 წლის ერაყის ომის ვეტერანს ბრალად ძალადობრივი ქმედებები ედება, რასაც სიცოცხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღით ფიზიკური დაზიანებები მოჰყვა.
როგორც BBC წერს, თუ სანტიაგოს აღნიშნული ბრალდებები დაუმტკიცდა, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც სასამართლოს დოკუმენტებშია აღნიშნული, დაკითხვისას სანტიაგომ აღნიშნა, რომ თავდასხმას წინასწარ გეგმავდა.
ცნობისთვის, ეჭვმიტანილი ალიასკისა და პუერტო-რიკოს ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრია. იგი ერაყში 2010 წლიდან 2011 წლის თებერვლამდე მსახურობდა. იგი ალიასკის ნაციონალური გვარდიიდან არადამაკმაყოფილებელი სამუშაოს გამო გარიცხეს.
შეგახსენებთ, რომ სანტიაგომ პარასკევს, ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში, მეორე ტერმინალის ბარგის გამცემ დარბაზში ხალხს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან