2015-03-19 17:41:51, 760 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის მარტის დასაწყისში, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა, საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან