2015-02-03 18:40:10, 759 ნახვა
სამართალი
ჩაქვში სიძემ სიდედრი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოსმან ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაბა ჩაქვში დააკავეს.
უწყების ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ოსმან ჯ-მ ურთიერთშელაპარაკებისას მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალის დედას - 1936 წელს დაბადებულ ვერა ს-ს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოსმან ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან