2015-06-26 11:03:26, 728 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.
კერძოდ, 456 გრ ჰეროინი, 380 აბი „სუბუტექსი“, 21 კილო და 800 გრ მარიხუანა, 67 კგ კანაფი, „მეტადონი“, „მეტამფეტამინი“ და სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერებები.
სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან