2015-07-23 11:15:03, 708 ნახვა
სამართალი
შავ ზღვაში ფეკალური წყლების ჩაღვრის გამო, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი დაჯარიმდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, გემის მიერ ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავ ზღვაში ფეკალური წყლები ჩაღვარა.
„გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან