|
2025-12-09 23:24:37, 1083 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ზელენსკის სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე მისცა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რამდენიმე დღეში წარადგინოს პასუხი განახლებულ სამშვიდობო გეგმაზე, განუცხადეს Financial Times-ს მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა. ერთ-ერთმა წყარომ განმარტა, რომ ტრამპი იმედოვნებს, რომ შეთანხმებას მიაღწევს „შობამდე“, რომელსაც შეერთებული შტატები 25 დეკემბერს აღნიშნავს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შაბათს ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მასზე ზეწოლა მოახდინეს, რათა სწრაფი გადაწყვეტილება მიეღო. გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ წარმომადგენლებს უთხრა, რომ ტრამპის წინადადებაზე პასუხის გაცემამდე ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის დრო სჭირდებოდა. ერთი დღით ადრე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი დელეგაცია ამერიკელებს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას წარუდგენდა, რომელიც 9 დეკემბრის საღამოს მზად იქნებოდა და ოთხშაბათს გადაეცემოდა. „ტრამპს საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც უკრაინისგან განსხვავდება“, - დასძინა მან. დასავლელმა ოფიციალურმა პირმა FT-ს განუცხადა, რომ უკრაინა მიუღებელ ტერიტორიულ მოთხოვნებსა და აშშ-ის პოზიციის გათვალისწინების აუცილებლობას შორისაა მოქცეული. „გულწრფელად რომ ვთქვათ, ამერიკელები დღეს კომპრომისს ეძებენ“, - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამჟამად სამ დოკუმენტზე მუშაობს: 20-პუნქტიან „ჩარჩოზე“, „რომელიც მუდმივად იცვლება“, უსაფრთხოების გარანტიებზე და უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმაზე. ეს უკანასკნელი ამოქმედდება „ომის დასრულების ან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ“, - დააკონკრეტა მან. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობები არ იქნება, რომელიც დონბასის არაოკუპირებული ნაწილის დაბრუნებას მოითხოვს: „ჩვენ ამის გაკეთების იურიდიული უფლება არ გვაქვს - არც უკრაინის კანონმდებლობით, არც ჩვენი კონსტიტუციით და არც საერთაშორისო სამართლით. და არც მორალური უფლება გვაქვს“. 8 დეკემბერს ზელენსკი ლონდონში გაემგზავრა, სადაც ტრამპის სამშვიდობო გეგმის განსახილველად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს - კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონს და ფრიდრიხ მერცს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)