|
2025-12-23 11:24:08, 1148 ნახვა
სამართალი
რას ედავებიან, დაკავებულ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს
რას ედავებიან, დაკავებულ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს პროკურატურაში. დეტალური ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. "საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის'' დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს'' იღებდა. ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით.", - განაცხადა გვარაკიძემ.
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ
პაპუაშვილი - თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი
პაპუაშვილი - მეარაყიშვილის დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ და თქვენს ინფორმაციას ვეყრდნობი
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
უკრაინულმა დრონებმა წელს მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიეთილენის მწარმოებელს.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)