21:14 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 16:43:02, 2327 ნახვა

პოლიტიკა
TI: ფორმულასა და TV პირველს დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ინფორმირებას

კრიტიკული მაუწყებლების - „ფორმულასა“ და „TV პირველის“ - შესაძლო დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და ქვეყანას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის პირისპირ დატოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს და რომელიც 2024–2025 წლების სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევას ეყრდნობა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2024–2025 წლებში სარეკლამო ბაზარზე მკვეთრი და სისტემური დისპროპორცია ფიქსირდება პროსამთავრობო და კრიტიკულ მაუწყებლებს შორის. კვლევის თანახმად, 2024–2025 წლებში პროსამთავრობო ტელევიზიებმა ჯამში 89.5 მლნ ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, მაშინ როდესაც კრიტიკულმა არხებმა - „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ - თითქმის ოთხჯერ ნაკლები, დაახლოებით 23 მლნ ლარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური კრიზისის გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა, ხოლო დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან ქვეყნის მთავარი კრიტიკული ტელევიზიები - „ფორმულა“ და „ტვ პირველი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, 2024 წელს სარეკლამო შემოსავლების უდიდესი წილი კვლავ პროსამთავრობო არხებზე გადანაწილდა. მხოლოდ სამი წამყვანი პროსამთავრობო მაუწყებლის - „იმედის ჰოლდინგის“, „მედიაჰოლდინგის“ („რუსთავი 2“) და „პოსტვ“-ის - ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმა 44.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც სამი ძირითადი კრიტიკული არხის ჯამურ შემოსავალს თითქმის სამჯერ აღემატება.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ 2025 წელს „მთავარი არხის“ დახურვის შემდეგ მისი სარეკლამო შემოსავლები უმეტესად პროსამთავრობო მაუწყებლებზე გადანაწილდა. ამასთან, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში პროსამთავრობო არხებმა 5.8-ჯერ მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, ვიდრე „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“.

ორგანიზაციის შეფასებით, სარეკლამო ბაზრის არათანაბარ განაწილებას ამძაფრებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მონაწილეობაც კომერციულ სარეკლამო ბაზარზე, რაც, სოლიდური სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, დამატებით ზეწოლას ახდენს კერძო და განსაკუთრებით კრიტიკულ მედიაზე.

განცხადებაში ასევე საუბარია რეკლამის დამკვეთების მხრიდან თვითცენზურაზე, უკვე გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტების გაუქმების შემთხვევებზე, ჟურნალისტების ფინანსურ და პროფესიულ კრიზისზე, კანონმდებლობის გამკაცრებაზე, დასავლური დაფინანსების შეზღუდვაზე და მედიის წარმომადგენლების მიმართ მტრულ გარემოზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასკვნის, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, კრიტიკული მაუწყებლების გაქრობა მნიშვნელოვნად დააზიანებს მედიის პლურალიზმს და საზოგადოებას დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
57 საუკეთესო ახალი წლის მილოცვა მესენჯერებისთვის
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში დაფინანსების მიღება უზრუნველყოფით, სრულად ციფრულად ხელმისაწვდომია
საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
Energo-Pro Georgia: დასავლეთ საქართველოში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება 60 000-მდე აბონენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი