|
2017-07-11 14:04:27, 2135 ნახვა
სამართალი
„თიბისი ბანკი“: თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა
„თაღლითობისთვის ნასამართლევი ანზორ ქოქოლაძე წინასაარჩევნოდ კვლავ გააქტიურდა და ცილისმწამებლური განცხადებების მორიგი ტალღა ააგორა თიბისი ბანკის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ბანკში აცხადებენ, ქოქოლაძის განცხადებები ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია: „როგორც ჩანს, ქოქოლაძე ითხოვს, სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და ცნოს „დაზარალებულად", რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც სხვა მის მიერ გამოთქმული არაერთი განცხადება წლების განმავლობაში. საზოგადოებამ იცის, რომ პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს ქოქოლაძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს, ამასთან ის ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისთვის. ამ ფონზე, ქოქოლაძე გადაწყვეტილებას იღებს, ტრადიციულად, თავს დაესხას ისევ თიბისი ბანკს, რომელთან დავა „ელიტ-ელექტრონიქსის" თემაზე მას უკვე სამი ინსტანციის სასამართლოში აქვს წაგებული. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქმის ნამდვილ არსს. თიბისი ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს" და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება. რაც შეეხება სამართლებრივ დავას თიბისი ბანკის მიერ აქციების რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით - თიბისი ბანკს ქოქოლაძესთან სამოქალაქო დავა ჰქონდა 7 წლის წინ. ეს დავა საქალაქო სასამართლოში მან თავად დაიწყო, კერძოდ, აღძრა საქმე თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც „ელიტ-ელექტრონიქსის" დაგირავებული აქციების 55% ბანკს გადაეცა საკუთრებაში რეალიზაციისთვის და სასესხო ვალდებულების გასასტუმრებლად. ეს დავა ბანკმა მოიგო სამივე ინსტანციაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქოქოლაძის სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ანზორ ქოქოლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ განიხილა. ქოქოლაძის განცხადებები ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებულია და შორს არის ლოგიკური, საღი აზრისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)