|
2016-12-09 20:06:03, 2528 ნახვა
ეკონომიკა
„ბლექ სი არენას“ მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
„ბლექ სი არენას“ მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, საინტერესო სანახაობებთან ერთად, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენებისა და მართვის მიზნით. საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს - 100 ლარს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე https://drive.google.com/file/d/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlMG8/view ცნობისთვის, „ბლექ სი არენა”, დაბა შეკვეთილში წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა. დარბაზი გათვლილია 10 000 მაყურებელზე. 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე უკვე წარსდგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ვანესა მეი, კრისტინა აგილერა, ჯგუფი Scorpions, „ერისიონი“ და სხვა. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი. საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზს ემსახურება 140 კაციანი პერსონალი, თუმცა ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში. საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ განლაგებულია ევკალიპტების ტყე, რომელიც უკვე იქცა „ბლექ სი არენას“ ვიზიტორთა და ურეკსა და ქობულეთში ტურისტთა დასვენების საყვარელ ადგილად. 2016 წლის ზაფხულში ევკალიპტების ტყეში მოეწყო „მუსიკოსთა პარკი“, რომელშიც განლაგებულია მსოფლიო და ქართული კულტურისა და ხელოვნების 36 მოღვაწის ფიგურა. პარკი აღჭურვილია უნიკალური აკუსტიკური ტექნოლოგიებით. ნებისმიერი მუსიკოსის ფიგურასთან მიახლოებისას ავტომატურად ირთვება ამ მუსიკოსის შემოქმედების „ოქროს კომპოზიციები“. პარკში ასევე განთავსებულია სხვადასხვა ზომის სამი სცენა, სადაც შეიძლება მოეწყოს კონცერტები და საღამოები, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მოყვარულთათვის. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურა, შეკვეთილში მდებარე „ციცინათელას“ გასართობ პარკთან ერთად ქმნის ერთიან უნიკალურ ტურისტულ კომპლექსს და სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)