16:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 22:10:26, 856 ნახვა

სამართალი
გიორგი კვირიკაშვილი ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

კვირიკაშვილმა ხურჩაში რუსი ოკუპანტის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრება.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


”ორ კვირაზე მეტი გავიდა იმ სასტიკი დანაშაულიდან, რომელმაც ყველა შეგვძრა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია არანაირი ცნობა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.

უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ნდობის აღდგენის მიმართულებით. მეტიც, ამ პირობებში, უაღრესად რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება. ასევე, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს, მანამ, ვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით, უმოქმედობას იჩენენ.

გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, რომლის აღდგენაც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ყველა მასალა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ დადგა.
მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით.

ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება - ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში.

გალის შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ დამნაშავის დაუყოვნებლივ გადმოცემა, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პირდაპირ დაუკავშირეს სტატუსის საკითხს და აპელირება მოახდინეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. საკითხის საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ იქნას დაპატიმრებული. 

ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ცივი გონება, რათა ჩიხში შესული არსებული სიტუაცია ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics