|
2023-10-16 13:48:44, 848 ნახვა
სამართალი
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდეს
თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. "მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, იყო პატიმრობა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. არსებობდა მიმალვის საფრთხე და ორივე ბრალდებულს ჰქონდა მჭიდრო კავშირი საზღვარგარეთ, ჰქონდათ ხშირი კვეთა და ვიზიტები სხვადასხვა სახელმწიფოებში. თუ ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება გამოკვეთა და რამე შემხებლობა ჰქონდა და იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება რომელიმე პირის ქმედებაში, ის აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში",- განაცხადა ვლადიმერ ბექიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურტურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი გუშინ, 15 ოქტომბერს წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც შეეხება განზრახ მკვლელობის საქმეს, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 14 წლის აითაჯ შახმაროვას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები "ქმარმა" მიაყენა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე'' "თ'' და "კ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ'' ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)