02:57 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 18:32:47, 386 ნახვა

პოლიტიკა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფორმულას ტელეწამყვანის და ჟურნალისტის ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საგანგაშოდ მიიჩნევენ ფაქტს, რომელიც "გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს".

განცხადება სრულად:

"მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა, რაც რუსულ-ბელარუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ქმედებაა, როდესაც განსხვავებული, კრიტიკული აზრი ავტორიტარების მთავარი მტერი და სამიზნეა. ფაქტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზედმიწევნით ზუსტად აკოპირებს და ამკვიდრებს საუკეთესო რუსულ გამოცდილებას და ცდილობს საზოგადოება შეაგუოს მოცემულობას, როდესაც ადამიანები მათი პირადი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვისთვის ისჯებიან და ამგვარი მიდგომა ნორმად აქციოს.

22 ივლისს, სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მანამდე, იმავე მიზეზით, ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დამოუკიდებელი მედია და თითოეული კრიტიკული ხმა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს, რადგანაც სწორედ ისინი ამხელენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული პირების სავარაუდო კორუფციულ თუ სხვა შესაძლო დანაშაულებრივ კავშირებს და საზოგადოებას სახელისუფლებო შტოებში არსებულ მანკიერებებზე უყვებიან. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო რეალურ დანაშაულებს იძიებდეს და პასუხისმგებელ პირებს სათანადოდ სჯიდეს, „ქართული ოცნება“ მამხილებლების დევნით არის დაკავებული და მათ გასაჩუმებლად მისმიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს იყენებს. ამ კონტექსტში, ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაა, რომლის წინააღმდეგაც მთელი სახელმწიფო რეპრესიული აპარატია მომართული.

წლებია, სამართალდამცველი ორგანოები, სასამართლო სისტემა, კომუნიკაციების კომისია და პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი გაჩუმების ინსტრუმენტებად აქვს ქცეული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კოორდინირებული შეტევებითა და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული მედიის საბოლოოდ განეიტრალებასა და საჯარო სივრციდან განდევნას ცდილობს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 17316 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ამ კოდექსს 2025 წლის თებერვალში დაუმატა დაჩქარებული პროცედურით, რაც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა. სწორედ ამ მუხლის აღსასრულებლად შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტქრუტურა, რომელსაც საზოგადოებაში ირონიულად „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტს“ უწოდებენ.

სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას, კრიტიკულ მედიასა და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის სამიზნე გახდა. დამოუკიდებელი მედია ფასდაუდებელ სამსახურს სწევს ქვეყნისთვის ამ კრიტიკულად გადამწყვეტ მომენტში და შეზღუდული რესურსების პირობებშიც სათანადოდ ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველო

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის 

კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  Georgian Democracy Initiative

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

საქართველოს ევროპული ორბიტა 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)

პრევენცია პროგრესისთვის 

საქართველოს მომავლის აკადემია

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics