|
2026-05-26 13:52:03, 405 ნახვა
პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დღეს 108 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყანა მისალოც წერილებს იღებს მსოფლიო ლიდერებისგან. წერილებს იღებენ ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები და წარმომადგენლობები განცხადებებს ავრცელებენ და დღევანდელ დღეს უშუალოდ ქართველ ხალხს ულოცავენ. მილოცვები - განახლებადი სია: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინსვლისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როცა ისინი ისწრაფვიან გრძელვადიანი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ". აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: "გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. დღეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რეგულარული ორმხრივი ვიზიტებით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, რაც მუდმივად მდიდრდება ახალი შინაარსით. სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას". სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი: "სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს - კეთილდღეობას". ჩინეთის პრემიერი ლი ციანი: "გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას". არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი: "საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური". ბელგიის მეფე ფილიპი: "მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს, თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემაულეს". ოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი: "თქვენო აღმატებულებავ, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით, გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური". კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი: "თქვენო აღმატებულებავ, კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული. მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის". ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი: "გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – 26 მაისთან დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას, რომელთა საფუძველია ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული დიდი ხნის ისტორიული, კულტურული კავშირები. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში". ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი: "ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად". სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი: "სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩემთვის დიდი პატივი იყო დუბაიში, გლობალური მმართველობის სამიტზე თქვენთან შეხვედრა და საუბარი საერთო ინტერესის მრავალ თემაზე. მოუთმენლად ველოდები მომავალ შეხვედრებს, რომლებიც მიმართული იქნება სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ. ასევე, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ". ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო: "ძვირფასო მიხეილ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით – ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს მდგრადი განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების გზით სვლას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის ზრდას. იმედი მაქვს, მინსკსა და თბილისს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გააქტიურდება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში". სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი "თქვენო აღმატებულებავ, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გიგზავნით გულწრფელ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო სერბეთის რესპუბლიკაში თქვენი მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს მომავალ ვიზიტს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერისთვის. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ადასტურებს, რომ თქვენ ქვეყანა ერთგულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და მხარს უჭერს მათ თანმიმდევრულ დაცვას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა". დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III "მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის" კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანი "მეგობარი ქვეყნის – საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, თქვენო აღმატებულებავ, გულთბილი მილოცვები და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ. ვსარგებლობთ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კატარის სახელმწიფოსა და მეგობარ საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ერთობლივად მუშაობას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასავითარებლად საერთო ინტერესების ყველა სფეროში და უფრო ფართო პერსპექტივების დასახვისთვის, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და ხალხების საერთო ინტერესებს ემსახურება. თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები თქვენი ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნისთვის, თქვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის, ასევე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის". ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები: "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". გერმანიის საელჩო: "1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობით საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილით გამოირჩეოდა. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!". ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ რჩება ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ". ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია: "ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა - ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხებისთვის შთაგონების წყაროა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში". გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი: "გერმანია დღესაც, ისევე როგორც მაშინ, დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მომხრეა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!". პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად ვულოცავთ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ ქართველ ხალხს". მასალა განახლებადია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)