|
2026-05-16 11:07:35, 329 ნახვა
ეკონომიკა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა. სააგენტოს განმარტებით, საქართველოს რეიტინგს მხარს უჭერს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე BB კატეგორიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი სახელმწიფო ვალის მოცულობა და ჯანსაღი საბანკო სექტორი. თუმცა, ამ დადებით ფაქტორებს აბალანსებს გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობა, კვლავ შედარებით მაღალი ფინანსური დოლარიზაცია, სახელმწიფო ვალის მაღალი მგრძნობელობა უცხოური ვალუტის რისკების მიმართ და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო ფინანსები (მათ შორის, შედარებით დაბალი საგარეო ბუფერები და მაღალი წმინდა საგარეო ვალი). სააგენტოს ინფორმაციით, 2023-2025 წლებში დაფიქსირებული საშუალოდ 8%-ზე ოდნავ მაღალი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ კვარტალშიც შეინარჩუნა ძლიერი დინამიკა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სატრანსპორტო მომსახურება იყო. ამის საპირისპიროდ, დასაქმების ზრდა ბევრად უფრო ნელი აღმოჩნდა, რაც ასახავს შრომის ბაზრის სტრუქტურულ სიმყიფეს (უცვლელობას). 2025 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 14% შეადგინა. მოთხოვნის თვალსაზრისით, მშპ-ის ზრდა კარგად არის დაბალანსებული: ინვესტიციები მზარდია; 2026 წლის აპრილში, ძირითადად ენერგომატარებლებზე ფასების მატების გამო, ინფლაციამ 5.9%-ს მიაღწია. ამ შოკის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა და მომდევნო თვეებში გამკაცრების გაგრძელების სიგნალი გასცა. სააგენტოს შეფასებით, რეალური საპროცენტო განაკვეთები, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, დადებითია, რაც ამცირებს ლარის გაუფასურებისა და მეორეული ინფლაციური ეფექტების რისკებს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მაღალ დონეზე შენარჩუნდება, შემდეგ კი ეტაპობრივად დაიკლებს 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლისკენ. „Fitch-ის ხედვით, 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მაღალია, თუმცა პროტესტის ინტენსივობა შემცირდა. საქართველო პოლიტიკურად პოლარიზებულია, საზოგადოებრივი განხეთქილება კი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაღრმავდა, კერძოდ, 2024 წლის მაისში 'უცხოური გავლენის გამჭვირვალობის' შესახებ კანონის მიღების შემდეგ,“ - აღნიშნულია ანგარიშში. ეს ტენდენციები აისახა მსოფლიო ბანკის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსშიც, სადაც საქართველოს რეიტინგი (WBGI პროცენტული მაჩვენებელი) 6 პროცენტული პუნქტით გაუარესდა. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფორმალურად ინარჩუნებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მისი ურთიერთობები ევროკავშირთან გაუარესდა და უახლოეს პერიოდში მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ მოელიან. რაც შეეხება ირანის ომს, მას საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორზე მხოლოდ შეზღუდული პირდაპირი გავლენა აქვს, რადგან ქვეყნის ენერგოიმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანია, ელექტროენერგია კი ძირითადად ადგილობრივი ჰიდრორესურსებით იწარმოება. საქართველო ასევე იცავს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. საქართველო სტაბილურად აჩვენებს ძლიერ ფისკალურ მაჩვენებლებს. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 1.4% შეადგინა, რაც დაბალია ფისკალური წესით დადგენილ 3%-იან ლიმიტზე. მთავრობის მთლიანი ვალი მშპ-ის 35%-ზე ნაკლები იყო, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (52%). სააგენტო პროგნოზირებს, რომ 2026-2027 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ 3%-იან ნიშნულზე დაბლა შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ვალში უცხოური ვალუტის წილი მაღალია, რისკებს ამსუბუქებს ის გარემოება, რომ საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მრავალმხრივი განვითარების ბანკებიდან არის აღებული შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებითა და ხანგრძლივი დაფარვის ვადებით.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)