00:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 16:57:54, 523 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტიო, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც სურდა გაფართოებულ კრებაზე წაეკითხა, თუმცა მისი თქმით, სხდომა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევას მიეძღვნა. 

მეუფე ნიკოლოზი მიმართვაში სინოდის წევრებსა და გაფართოებული კრების მონაწილეებს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II წმინდანად შერაცხვას სთხოვს. მისი თქმით, ილია მეორეს მოციქულთა სწორი უნდა ეწოდოს.

გთავაზობთ მეუფე ნიკოლოზის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვას უცვლელად:

მიმართვა დაიწერა საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წასაკითხად, მაგრამ რადაგან ეს კრება მიეძღვნა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევას, ქვეყნდება მისი ინტრონიზაციის შემდეგ

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, წმ. სინოდის წევრებს, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეებს :

ძვირფასო მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, მოგმართავთ თხოვნით, არ გადავდოთ ჩვენი პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II წმინდანად შერაცხვა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს რამდენიმე ცნობილი შემთხვევა, როდესაც წმინდანის მიმართ პატივისცემა იმდენად ძლიერი და აშკარა იყო, რომ კანონიზაცია ან საეკლესიო განდიდება, პრაქტიკულად, გარდაცვალებისთანავე მოხდა - ზოგჯერ ფორმალური აქტის გარეშეც.

ასეთები იყვნენ ადრეული ეკლესიის მოწამეები; ასეთები იყვნენ წმ. ეგნატე ანტიოქიელი, წმ. პოლიკარპე სმირნელი, წმ. კვიპრიანე კართაგენელი - მათი ლიტურგიკული ხსენება თითქმის გარდაცვალებისთანავე დაიწყო; წმ. ნიკოლოზი, რომლის კანონიზაციის ოფიციალური აქტი დღემდე არ არსებობს, წმ. ანტონი დიდი: მისი ცხოვრება აღწერა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა, რის გამოც სიცოცხლეშივე ეგვიპტეში და მთელ აღმოსავლეთში იმდენად სწრაფად გავრცელდა პატივისცემა, რომ, პრაქტიკულად, სიცოცხლის დასრულებისთანავე უკვე საყოველთაოდ წმინდანად ითვლებოდა; ასეთი იყო წმ. საბა განწმენდილი: მისი მოწაფეები დაუყოვნებლივ შეუდგნენ მისი ცხოვრების აღწერას და ლიტურგიკულ მოხსენიებას; ასეთები იყვნენ წმ. ამბროსი მედიოლანელი და წმ. მარტინ ტურელი, რომლებიც სიცოცხლეშივე ეკლესიის მასწავლებლებად ითვლებოდნენ. წმ. სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა 1903 წელს მოხდა, მაგრამ მანამდე მის საფლავზე ათასობით ადამიანი მიდიოდა ჯერ კიდევ ოფიციალურ კანონიზაციამდე. ასევე იყვნენ წმ. იოანე კრონშტადტელი, წმ. ნექტარიოს ეგინელი, წმ. სან-ფრანცისკოს მთავარეპიკოპოსი იოანე შანხაელი, წმ სილუან ათონელი, წმ, პაისი ათონელი, წმ. პორფირე კავსოკალიველი. ასეთი იყო ჩვენი წმ. მამა გაბრიელი - აღმსარებელი და სალოსი, რომლის მასობრივი თაყვანისცემა დაკრძალვისთანავე დაიწყო. წმინდანად შერაცხვა სიწმინდის ნიშნების მიხედვით ხდება, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ისტორიულად ჩამოყალიბდა.

აი, ზოგიერთი მათგანი:

  1. მართლმადიდებელი რწმენა;
  2. ცხოვრების სიწმინდე - მოსაგრეობა, სიყვარული, მოწყალება, ლოცვა, მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე;
  3. საყოველთაო სახალხო თაყვანისცემა, როდესაც მასზე ლოცულობენ, როგორც წმინდანზე, მის საფლავზე უწყვეტი რიგია, ადამიანები ყვებიან მისი შემწეობაზე;
  4. სასწაულები - როგორც სიცოცხლეში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ;
  5. აღმსარებლობა და მოწამეობრივი აღსასრული;
  6. სულიერი მემკვიდრეობა: საღვთისმეტყველო შრომები, ჰიმნოგრაფია, ქადაგებები, გავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე.

ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში თითოეულ ამ ნიშანზე მაგალითების დიდი სია არსებობს.

და, ბოლოს, შეგახსენებთ კანონიზაციის კიდევ ერთ უახლეს შემთხვევას: უწმინდესი და უნეტარესი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატიარქი კალისტრატე ცინცაძე წმ. სინოდის კრებაზე წმინდანად შეირაცხა ნეტარხსენებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს დაჟინებული მუხლმოდრეკილი თხოვნით მიუხედავად იმისა, რომ მასალები კანონიზაციისათვის ჯერ მომზადებული არ იყო. ეს წმ. სინოდი მეუფე კალისტრატესათვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

ყოველივე ამის საფუძველზე ვკადნიერდები და ვბედავ, მოგმართოთ თხოვნით: უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი.

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზაცია არის არა წმინდანის შექმნა, არამედ უკვე არსებული საეკლესიო ცნობიერების დადასტურება," - წერია მეუფე ნიკოლოზის მიმართვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics