|
2015-07-20 13:21:49, 464 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეტინა კადენბახი საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და თინათინ ხიდაშელთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრა და გერმანიის, როგორც პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი, სწორედ, გერმანელია. გერმანული მხარე მონაწილეობს, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში. ძალიან დიდია მათი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გავაცანით ელჩს, რასთანაც მოგვიწევს გამკლავება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. საქართველოში გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ისაუბრა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა. საქართველოში არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებსა და ამ პროცესში თქვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას“,- განაცხადა ელჩმა. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)