|
2018-10-04 18:47:20, 2894 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, 17 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. სებ-ის ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ამით შეგნებულად ახდენდნენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ კურსი საყურადღებოა, თუ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. მოქმედი წესებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებულნი არიან ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე წელს სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის გამო, 120 ვალუტის გადამცვლელი პუნქტს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, ხოლო 85 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)