|
2018-04-25 20:38:34, 1672 ნახვა
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თაობაზე მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტსა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს. მცირე ბიზნესის წახალისების და მხარდაჭერის მიზნით, მთავრობა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეგულაციების ცვლილება და ამ კატეგორიის გადამხდელთათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ მოდელზე გადაყვანა, საჰაერო ფრენებთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლება, ეტლის მომხმარებელი პირის მიერ ადაპტირებული ავტომანქანის იმპორტის გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან, გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცალკეული ნორმის დაზუსტება, აგრეთვე, ზოგიერთი რედაქციული უზუსტობის გასწორება წარმოადგენს. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის ძირითად არსზე და დამსწრეთა კითხვებსაც უპასუხა. მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, შეიცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები: მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 % -ისა. 100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა და ა.შ. პროექტის შესაბამისად, სხვა ცვლილებებთან ერთად, იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების პირობები. სტატუსი არ გაუუქმდება პირს, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის საქმიანობის ნაწილში არ გადააჭარბებს 500 000 ლარს. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ცვლილებებით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის სატრანსპორტო საშუალების იმპორტირებისას და ა.შ. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომაზე ალტერნატიული კანონპროექტები წარადგინეს, რომელთა პრინციპები ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობისათვის მიუღებელია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ მომხსენებლს რამდენიმე წინადადება წარუდგინა, რომლებმაც კანონპროექტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი ამ წინადადებებს ინიციტორებს შენიშვნის სახით წარუდგენს. კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად ალტერნატიულ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)