|
2018-02-05 17:34:03, 1954 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს იქნა დაკავებული. მისი დაკავება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ" 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას განიხილონ სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხები და შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ერთმანეთს გადასცენ ისინი. როგორც ცნობილია, საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმის წარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას ხსენებული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებებით. ამდენად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსტრადიციის შემაფერხებელი ხსენებული გარემოება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც ექსტრადიციის დასაშვებობის განსახილველად სხდომას კანონით დადგენილ ვადაში ნიშნავს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილებას შეჯიბრებითობის პრინციპით, მხარეთა არგუმენტირებული პოზიციების მოსმენის შემდგომ იღებს“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)