|
2017-06-14 14:49:56, 1902 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ და რამინ გულუზადემ კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ რამინ გულუზადესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპ კომპანიების დაკავშრების პერსპექტივები განიხილეს. „ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სატვირთო და საჰაერო გადაზიდვების კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპ კომპანიების დაკავშირების პერსპექტივები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, ორივე ქვეყანაში საკუთარი მიღწევები გააცნონ და გაუზიარონ როგორც კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, გვსურს, რომ ძალიან მალე შედგეს ქართული სტარტაპ კომპანიების ბაქოში ვიზიტი და მოხდეს მათი პროექტების გაცნობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე კომუნიკაციების სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ამ სფეროში ქართული კომპანიები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ აზერბაიჯანულ კომპანიებთან. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საავტომობილო და საბორნე გადაზიდვების მიმდინარე საკითხები, შედგა შეთანხმება, რომ სამგზავრო გადაზიდვების მიმართულებით მოხდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში გვეწვევა საქართველოში და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ შეთანხმებას",-აღნიშნა ჩერქეზიშვილმა. ბაქოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, 13 ივნისს დაიწყო. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან შეხვედრები უკვე გამართა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან და ტურიზმისა და კულტურის მინისტრთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე ესწრებოდნენ.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)