|
2017-01-25 12:41:18, 1777 ნახვა
სამართალი საზოგადოება
TI: „კორუფციის აღქმის ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში 44-ე, რეგიონში კი პირველ ადგილზეა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის. 2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (90 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (10 ქულა). საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში. "კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. 2016 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“. კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს - 49 ქულა (55-ე ადგილი), 2014 წელს - 52 ქულა (50-ე ადგილი), 2015 წელს - 52 ქულა (48 ადგილი). გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება (57 ქულა 52-ის ნაცვლად) კორუფციის აღქმის მხრივ ქვეყანაში გარკვეულ (თუმცა მცირე) წინსვლაზე მიუთითებს (რეიტინგში საქართველოს ადგილის ცვლილება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებში მომხდარი ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს). ამასთან, ის გარემოება, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია. ბოლო პერიოდში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ საქართველოში გადაგმული პოზიტიური ნაბიჯებიდან აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რომლებიც გულისხმობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნას და მამხილებელთა დაცვის გაუმჯობესებას. ამავე დროს, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად საჭიროა სხვა მნიშვნელოვანი ზომების გატარება: სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი. სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში. საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საჯარო სამსახურის ბიუროს) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა. ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნა სახელმწიფო საწარმოებში. სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება. ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში 2015 წელს შესული პოზიტიური ცვლილებების რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება", - აღნიშნულია კვლევაში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)