|
2016-12-19 18:32:58, 2816 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე: მთავრობა მეტად უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვიდეს
მთავრობა უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ჯობია საქართველოს სტრუქტურული ეკონომიკის მოწყობა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვიდეს, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაზემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც კეპულაძემ აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში სავაჭრო ბალანსის გამოსწორება რთულია, რადგან იმპორტი ექსპორტს ჭარბობს, თუმცა დაბალანსების წყაროებიც არსებობს. "ლარზე მოქმედებენ ფუნდამენტური ფაქტორები, შესაბამისად რეზერვების დახარჯვას არამგონია, რომ ძალიან დიდი აზრი ჰქონდეს, რადგან ამან შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშაოს, მაგრამ საშუალო ვადიან პერსპექტივაში ეს არ იმუშავებს. რაც შეეხება მთავრობის პასუხისმგებლობას, ისინი უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ჯობია საქართველოს სტრუქტურული ეკონომიკის მოწყობა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა შემოვიდეს. მესმის, რომ სავაჭრო ბალანსის გამოსწორება საქართველოს შემთხვევაში ცოტა რთულია და იმპორტი ექსპორტს ბევრად სჭარბობს, მაგრამ არსებობს მისი დაბალანსების წყაროები, როგორიცაა ინვესტიციები, ტურიზმი და გზავნილები", - განაცხადა კეპულაძემ. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მოლოდინების სწორ მართვას ენიჭება. "მოლოდინების მართვა ეკონომიკაში ცალკე სფეროა და ეს სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად გამოსდის ჩვენს მთავრობას, რადგან ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი, რასაც ქმნიან ძირითადად უარყოფითია. ეს მოსახლეობაში მთავრობის ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეულ უიმედობას ქმნის. ყველას ის ფიქრი უტრიალებს თავში, რომ 1 დოლარი შესაძლოა 3 ლარი გახდეს, ეს უარყოფითი მოლოდინია, რომელიც შეიძლება არ იყოს რეალური, მაგრამ მოლოდინი, რომ არსებობს, ეს უკვე ძალიან ცუდია, ამ მოლოდინების სწორი მართვა არ ხერხდება", - აღნიშნა ექსპერტმა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, კეპულაძის თქმით, სებ-ი სავალუტო ბაზარში არ ერევა, რადგან როგორც ჩანს, საქმე ფუნდამენტურ ფაქტორებთან გვაქვს. "როდესაც ეროვნული ბანკი ახდენდა ინტერვენციებს, მაშინ არსებობდა უარყოფითი მოლოდინი, ასევე იყო რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რის დასაბალანსებლადაც ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 180 მილიონი დოლარი თვენახევრის განმავლობაში. ახლა ეროვნული ბანკი არ ერევა სავალუტო ბაზარში. როგორც ჩანს საქმე გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან, ანუ ისეთი ფაქტორებით არის გამოწვეული გაუფასურება, რომ ინტერვენციებით მისი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია. შესაბამისად ეს უნდა შეჩერდეს არა ინტერვენციებით, არამედ ზოგადად სავალუტო შემოდინების გაზრდით. მხოლოდ ინტერვენციებით შედეგი არ გვექნება და პირიქით, შესაძლოა, უკუშედეგიც მივიღოთ. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არა სავალუტო შემოდინებების გაზრდაა, არამედ სავალუტო გადინებების შემცირებაზე ზრუნავს, თუნდაც იგივე აქციზებზე ფასების ზრდით, ავტომობილების გამბაჟებაზე აქციზების ზრდით, რითაც ცდილობს, შეამციროს იმპორტი და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გასვლა", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ცნობისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 6-6 თეთრით გაუფასურდა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)