|
2016-06-12 19:20:22, 711 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისს ზოოპარკი 45 ახალ ცხოველს მიიღებს
წყალდიდობის წლისთავზე თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკების ნაჩუქარი ცხოველების მესამე ნაკადს მიიღებს. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოპარკს 20 ჰამადრილი (10 ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია), საერთო ჯამში 45 ცხოველი შეემატება. ახალი ბინადრები 13 ივნისს, ორშაბათს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. მათთვის ვოლიერები უკვე მზადაა. 13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასოა და მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებებია დაგეგმილი: 11:00 საათიდან დაიწყება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებული სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად". სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 13:00 საათზე გაიხსნება თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით". გამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი". გამოფენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი და 13 ივნისის სტიქიის გამოძახილია. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში. 12:00-დან 18:00 საათამდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება აქცია „GAUფრთხილდი". გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში. სტუმრებს ელით სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები. ამას გარდა, ზოოპარკში მოეწყობა საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები", სადაც ბავშვები ცარცით გააფერადებენ მოედანს, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს, დახატავენ და იქვე გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო", სადისტრიბუციო კომპანია „მზიური" – შოკოლადი „ლინდტი", FRIXX. 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღადგინეს ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები. სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად აღდგა განადგურებული კომუნიკაციები; პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი); განახლდა მწვანე საფარი; მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები; გაიხსნა საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკი „მაბუჰაი" და სუვენირების მაღაზია. შემოიღობა ზოოპარკის ახალი ტერიტორია თბილისის ზღვის მიმდებარედ. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო). სტიქიამდე ზოოპარკში 1155 ინდივიდი ბინადრობდა (თევზებისა და აქვეწარმავლების ჩათვლით). წყალდიდობის შედეგად 281 ცხოველი დაიღუპა. თბილისის ზოოპარკს უკვე შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 29 ახალი ცხოველი. 13 ივნისს 45 ცხოველი ჩამოვა, ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოოპარკი კიდევ 55 ახალ ბინადარს მიიღებს. „13 ივნისის სტიქია უმძიმესი ტრაგედია და ამვე დროს, ძალიან დიდი გამოცდა იყო თბილისის ზოოპარკისთვის. გამოცდა იმ თვალსაზრისით, შევძლებდით თუ არა სირთულეების გადალახვას და უმოკლეს ვადებში ყველაფრის აღდგენას. ამ ხნის განმავლობაში თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობდა ზოოპარკისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. სწორედ ეს, შესაშურად მებრძოლი სულისკვეთება და ჩვენი მეგობრების უდიდესი მხარდაჭერა იყო ის, რამაც შეგვაძლებინა ზოოპარკის გახსნა სტიქიიდან ზუსტად 3 თვეში, ჰიპოპოტამის ვოლიერის აშენება უკიდურესად შეზღუდულ ვადებში და 1 წლის თავზე როგორც ვოლიერების, ისე ცხოველების კოლექციის განახლება. მეტად მძიმე წელი გამოვიარეთ. ბევრი სირთულე დავძლიეთ. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, მადლობა თბილისის მერიას, ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებს, მადლობა ზოოპარკის ყველა მეგობარს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 13 სექტემბერს, ზოოპარკის გახსნის დღეს პირობა დავდეთ, რომ აღვადგენდით ზოოპარკს და მაქსიმალურად ვეცადეთ დაპირება შეგვესრულებინა. ახლა დამთვალიერებლის ჯერია. იმედია, ზოოპარკის სტუმრები დადებითად შეაფასებენ ჩვენი ერთწლიანი მუშაობის შედეგებს", – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)