|
2026-02-05 13:47:04, 1181 ნახვა
სამართალი
სფერო ჰოლდინგის საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
პროკურატურის ცნობით, შპს სფერო ჰოლდინგის საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს. უწყების ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ისიც საქმეზე დაკავებულ სხვა ადამიანებთან ერთად შეთანხმებით მოქმედებდა. "გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს. ამ კომპანიაში მუშაობდნენ და გივი წულეისკირთან თანამშრომლობდნენ გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი. ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ შპს სფერო ჰოლდინგის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - სფერო ინვესტი. ორგანიზაციაში დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული თაღლითური მიზნის მისაღწევად, ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა სოფიკო პეტრიაშვილიც. გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, სფერო ინვესტის სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს სფერო ინვესტი-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც სფერო ინვესტი მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. ამის მიუხედავად, სფერო ინვესტმა შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით, 450 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და 29 მილიონზე მეტ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ". - წერია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ სოფიკო პეტრიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-ე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართთლო სხდომაზე პეტრიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისშეფარდებას მოითხოვს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)