|
2023-02-09 17:31:55, 1188 ნახვა
სამართალი
იუსტიცია - სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომჩივანი დაობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა. "სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით. ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მომჩივნის მხრიდან არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები. სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში იყო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება. სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები არ ემსახურებოდა მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას. დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა. კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები, და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ. აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)