|
2021-07-19 17:55:10, 1032 ნახვა
სამართალი
სუს-მა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან. შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და უზრუნველყოფდნენ ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას, სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ქმედებით წახალისებული კომპანიები უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები. საბოლოო ზარალის დადგენის მიზნით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა იმ სამშენებლო სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებთან უკანონოდ გარიგებული ფირმები ასრულებდნენ. დაკავებული პირების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)