|
2015-06-25 12:39:31, 492 ნახვა
პოლიტიკა
ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა
ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმი სომხეთის იუსტიციის მინისტრმა გახსნა. ფორუმის მუშაობის დაწყებამდე ჰოვანეს მანუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის. ფორუმის მონაწილეებს სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მიმართეს. თეა წულუკიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ფორუმის მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი გახდეს რეგულარული და მასში სხვა ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმაც მიიღონ მონაწილეობა. „ამ ფორუმის ფარგლებში წარმოვადგენთ სწორედ იმ რეფორმებს, რომელთა წყალობითაც საქართველო დღეს არის სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები შენდება და ძლიერდება. მანამ ვიქნები საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ბატონ მანუკიანთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ფორუმს მიეცეს რეგულარული ხასიათი. ასევე, ძალღონეს არ დავიშურებ, რომ სხვა ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ჩაერთონ ამ ფორუმში. ჩვენ სამხრეთ კავკასია სამართლებრივ რეგიონად უნდა ჩამოვაყალიბოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები სამველ პეტროსიანი და რუსლან პოღოსიანი, აგრეთვე, გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სესია იმუშავებს. პირველ თემატურ სესიაზე სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის თავისუფლების, ელექტრონული მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმებს განიხილავენ. მეორე სესიის თემა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა იქნება. საუბარი შეეხება პენიტენციარულ სფეროს, დანაშაულის პრევენციას და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. კიდევ ერთი სფერო, რომელსაც სესია მიეძღვნება, „ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ დაკავშირებული საკითხებია. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასაც გააცნობენ. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს სომხეთის პრეზიდენტი მიიღებს. შეხვედრა 26 ივნისსაა დაგეგმილი. იუსტიციის ქართულ-სომხური ფორუმის ჩატარების თაობაზე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრები 2015 წლის მარტში საქართველოში სომხეთის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას შეთანხმდნენ. იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი თეა წულუკიანმა და ჰოვანეს მანუკიანმა მოაწერეს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ საქმიანობისა, რასაც იუსტიციის მინისტრი საქართველოს ეთნიკურ სომხებთან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობასთან, მიმართებაში ახორციელებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის შესწავლის დისტანციური კურსები მოქმედებს, ივნისიდან კი სპეციალურად ფოკას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის კომპიუტერული უნარების ტრენინგი მიმდინარეობს. 50-მდე ახალგაზრდა სწავლებას ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეტაპობრივად გაივლის. იუსტიციის მინისტრი პირადადაა ჩართული სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საქმეშიც.
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)