|
2017-03-13 16:14:06, 1941 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე და მათ ინტერესებზე საუბრობს. „თქვენს მიერ გავრცელებულ კადრებში პირდაპირ ფიგურირებენ ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ფიგურირებენ მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ და მისი ლიდერები. ასევე, თუ გავიხსენებთ, რეალურად რატომ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა, მოხდა იმიტომ, რომ ეს ჯგუფი სწორედ თავის კოლეგებს სთავაზობდა ვითარების შეცვლას ქვეყანაში ძალადობით და რევოლუციური სცენარებით, ეს ღიად ითქვა მაშინ მათ მიერ, ამ ყველაფერს თუ ერთმანეთს დავუკავშირებთ, ძნელი არ არის დასკვნების გაკეთება, თუ რა როლი და ინტერესი შეიძლება ჰქონოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პროცესში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 11 მარტს, პროტესტის ნიშნად ბათუმში მოქალაქეების ნაწილმა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოქალაქის დაჯარიმება გახდა. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უსაფუძვლოდ უწერს, რაც მათ მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ. შეკრების მონაწილეების მხრიდან ისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებების გამკაცრებით, ქალაქში „ახალი წესრიგის” დამყარების, სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. აქციის მიმდინარეობის დროს, პოლიციამ გზის გახსნა სცადა და რამდენიმე პირიც დააკავა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ. შემდგომ აქციის მონაწილეების ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეჭრა სცადა. ღამის საათებში, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს და გადავიდნენ ვანდალური ქმედებების განხორციელებაზე. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს ავტომობილები, იწვოდა ხეები და ნაგებობებიც. დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები. აღსანიშნავია, რომ შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ და რადიკალურ ულტიმატუმებს აჟღერებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები. გამთენიისას, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანების ძირითადი ნაწილი, 40 პირი პოლიციამ დააკავა.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)