|
2017-08-01 09:09:40, 1836 ნახვა
კომენტარი
მაიკ პენსი კვირიკაშვილს: აშშ-ის პრეზიდენტმა აქ მომავლინა მარტივი გზავნილით - ჩვენ თქვენთან ვართ!
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის - ჩვენ თქვენთან ვართ!“, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურ ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. როგორც პენსმა აღნიშნა, ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, რომ ისინი მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან, და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება. ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს, კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში. ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მან მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის - ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში! განსაკუთრებით მადლობელი ვარ დაგეგმილი შეხვედრებისთვის, თქვენს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის. კერძები, სიმღერა, ცეკვა, რომლებითაც ჩვენ მალე დავტკბებით უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის. ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის. როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დიდი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანაში. იმედის თვალით შევყურებ ჩვენს დისკუსიას და ურთიერთობას ხვალ. ახლა კი გთხოვთ, უბრალოდ შემომიერთდით და ავწიოთ ჭიქები. მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოჯახისა და ამ დიადი ერისადმი თქვენი ერთგულების სადღეგრძელოს! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ნება მომეცით, შევსვა თავისუფალი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სადღეგრძელო! გაუმარჯოს ნათელ მომავალს, თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ერთმანეთს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)