|
2020-03-23 19:05:42, 2267 ნახვა
ეკონომიკა
გახარიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებისთვის განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა
კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორისა და მსხვილი დამსაქმებლების როლზე, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში. საუბარი შეეხო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, მათ შორის ბიზნესის მხრიდან დასაქმებულთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვას. ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ ცალკეული რეგულაციების მოქმედების სფერო. მსხვილი ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლებს საბანკო სექტორის მზაობის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სექტორი მომზადებულია მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ფინანსურ სექტორს შეუძლია, დაბალანსებულად უპასუხოს შექმნილ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტები არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ამასთანავე დაიწყება ახალი მსხვილი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. პრემიერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას, კრიზისის შემდგომ, განვითარების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბიზნესი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა და ფულადი თუ მატერიალური რესურსებით მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს შექმნილი ვითარების დაძლევის პროცესში. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტური გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები. შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი მონაწილეობდნენ.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)