|
2018-11-29 21:31:36, 1229 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ საქართველოს გამოასწორონ ეუთო-ს მიერ გამოვლენილი ხარვეზები
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გასული კვირების მოვლენებზე დაყრდნობით, დასკვნები გამოიტანონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც დიპლომატებმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე იმსჯელეს. „ახლა მოვდივარ შეხვედრიდან, რომელსაც ესწრებოდა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. მინდა, გაგაცნოთ ის დასკვნები, რომლებიც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ არჩევნებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ვულოცავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და მომავალში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მან გამოიყენა ხმის მიცემის უფლება მშვიდი და მშვიდობიანი გზით. მივესალმებით არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ ეს პროცესი დაზიანდა ერთი მხარის არამართებული უპირატესობის და ორივე მხარის საარჩევნო კამპანიების ნეგატიური ხასიათის გამო. შეშფოთებით აღვნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლის შემთხვევებს, რაც მეორე ტურში უფრო შესამჩნევი იყო. ვწუხვართ საერთო ნეგატიური საარჩევნო კამპანიის, მედიის მკვეთრი პოლარიზაციის და ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის გამო, რამაც შეზღუდა საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების პროცესში“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის თქმით, დიპლომატები მკაცრად გმობენ ძალადობას, მუქარას და სიძულვილის ენას საარჩევნო კამპანიის დროს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას არ შეესაბამება. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გასული კვირების მოვლენებზე დაყრდნობით, დასკვნები გამოიტანონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე. ის, რაც მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას, სრულიად სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ინსტიტუციებს, გამოასწორონ „ეუთო“-ს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები, რათა სამომავლოდ საარჩევნო სტრუქტურა გაუმჯობესდეს. ასევე, აუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გავიხედოთ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს. „გავიხსენოთ, რომ რაც მოსახლეობას აერთიანებს, ბევრად უფრო ძლიერი და მძლავრია. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორები და მეგობრები, მზად ვართ დახმარებისა და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მეტად განვითარებისთვის. მაღალ ამბიციებს მაღალი სტანდარტები განაპირობებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)