|
2018-07-25 15:34:10, 616 ნახვა
სამხედრო
43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში გადამზადდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. საბრძოლო მომზადების ცენტრისა (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, 43-ე ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს. 13-კვირიანი ინტენსიური წვრთნების შედეგად ამაღლდა ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი, მომზადების პერიოდში შემუშავებული ტაქტიკური სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით გაუმჯობესდა მართვისა და კონტროლის პროცედურები. წვრთნებში ჩართვამდე კი, სრულად აღიჭურვა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინდივიდუალური და კოლექტიური შეიარაღებით. დღეს საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) 43-ე ბატალიონის მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი როტაციის წარმატებით დასრულება აღინიშნა. 43-ე ბატალიონის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირად შემადგენლობას, ასევე აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს წვრთნების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მ.შ., პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიულოცეს. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დავიწყეთ ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის არის მიმართული. 43-ე ბატალიონს დიდი პატივი გქონდათ დაგეწყოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 13 კვირის განმავლობაში თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინის მაღალი ხარისხით და თანამშრომლობის საუკეთესო ფორმით, რომელიც ამერიკელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ჩამოგიყალიბდათ, მიაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, კიდევ უფრო აამაღლებს მის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტ დაცულობას. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას კი, ვხედავთ სწორედ იმ გზაზე, რასაც ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება CTC ცენტრის ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორთა, ასევე 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. უპრეცედენტო პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში 43-ე ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) - 53-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი. მენტორებმა ქვედანაყოფზე დაკვირვება და საბოლოო შეფასება სპეციალური ფორმით საბრძოლო ძალის ელემენტების 6 მიმართულებით განახორციელა: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების გამოყენება, სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები. 43-ე ბატალიონმა CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, GDRP-ის ფარგლებში მიღებული საბრძოლო გამოცდილების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა (homestation training plan) უკვე შეიმუშავა. დღეიდან, ქვედანაყოფი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას. ქვედანაყოფის მზადყოფნის დონეს კი, პერიოდულად მონიტორინგს გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მზადყოფნის სამმართველო გაუწევს. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)