2018-06-21 18:23:55, 960 ნახვა
სამართალი
ხვალ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე, „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, პროცესი გაიმართება.
ჯაფარიძე 12 მაისს, 05:17 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაახლოებით 3-საათიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს და გაათავისუფლეს.
შსს „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
საქმეს მოსამართლე ნინო ჭალიძე განიხილავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ჭალიძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც 3 მაისს გამართულ პროცესზე გირჩის ორ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს კი 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ავტორი: ,