|
2015-04-28 12:56:13, 380 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოების შეფასებით, მათზე ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები განსხვავებული აზრის უპატივცემულობაზე მიუთითებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ. ყოფილი პრემიერმინისტრი აგრძელებს განცხადებათა სერიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგი, მართალია, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს ადანაშაულებს ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაში, მაგრამ განცხადების სულისკვეთება მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცება დაუსაბუთებელია, მან შესაძლოა, წაახალისოს სხვა პირები, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოიყენონ იგივე რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და, ამდენად, შეაფერხონ აქტიური სამოქალაქო ჩართულობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესებში. როგორც ეს უკვე ვნახეთ, ყოფილი პრემიერის მსგავს განცხადებებს ხშირად მოჰყვება ხოლმე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მხრიდან. ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს არა საქმიან კრიტიკას, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენდით, არამედ განსხვავებული აზრის უპატივცემულობას. ასეთი მიდგომა ადგილს არ ტოვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანისთვის - ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სისტემურ პრობლემებზე მივმართოთ საზოგადოების ყურადღება. ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, დაემთხვეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას. ასე რომ იყოს, მოგვიწევდა უარი გვეთქვა იმ კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვახორციელებდით. ასეთ ინიციტივებს შორის უნდა ვახსენოთ კამპანიის „ეს შენ გეხება“ პირველი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. დასანანია, რომ ამის ახსნა გვიწევს. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი, კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, იქონიებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI); ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; იდენტობა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს სასოფლო დარბაზი; მედიის ინსტიტუტი; სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN): სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია; ასოციაცია „სპექტრი“; ასოციაცია ,,დეა" ; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი; საზოგადოება „ბილიკი“; სტეფანწმიდა; ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი; ნაბიჯი ხარაგაული; Step Forward ; კავშირი "სპექტრი"; ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი; ჩვენ–ჯანსაღი მომავლისათვის; რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს–ცენტრი; ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი; დემოკრატ მესხთა კავშირი; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; რეგიონის განვითარების ცენტრი; ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი.
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)