|
2017-07-05 14:08:22, 899 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა მოსახლეობას თბილისში გამგზავრების გამო, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრება
ოკუპირებულ ახალგორში დე-ფაქტო მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გააკეთონ არჩევანი საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და თბილისში გამგზავრების გამო, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრება, - ამის შესახებ ekhokavkaza იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თითქმის ერთი თვის წინ, 9 ივნისს, ახალგორში ახალი ე.წ. ხელმძღვანელის ფილიპ ხაჩიროვის წარდგენის დროს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსალოდნელი ცვლილებები დააანონსა. როგორც მაშინ ბიბილოვმა აღნიშნა, ახალგორში, კერძოდ კი, წეროვანში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრები და ოკუპირებულ რეგიონში მომუშავე პირები, უნდა დაფიქრდნენ - ან საცხოვრებლად ოკუპირებულ რეგიონში უნდა დაბრუნდნენ, ან „რეგიონის გარეთ“, სხვა სამუშაო ადგილის პოვნა მოუწევთ. მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადების შემდეგ, ამ თემაზე მრავალი თათბირი ჩატარდა, როგორც საშუალო, ასევე მაღალი რგოლის ხელმძღვანელებთან. ისინი გააფრთხილეს, რომ თბილისში მგზავრობა მათ "თანამდებობებიდან" გათავისუფლებას გამოიწვევს. ამასთან, ekhokavkaza წერს, რომ დე-ფაქტო რეგულაციები ძალაში ჯერჯერობით არ შესულა. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბოიკოტს გამოუცხადებს, თუმცა უმრავლესობას იმედი აქვს, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტი მსგავს რეგულაციებს არ მიიღებს. გარდა ამისა, მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ რეგიონში 50 წლის მამაკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ის თბილისში ჩადიოდა, ვიზიტის მიზეზი კი, მკურნალობა იყო. აქტივისტმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა ახალ წელსაც მოხდა. კერძოდ კი, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა, იმის გამო, რომ 3 საათის განმავლობაში ე.წ. საზღვარზე იყო გაჩერებული. მას გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. "რისთვის დავრჩეთ აქ თუ ასე მოხდა?! საქართველოში მედიცინა პრაქტიკულად უფასოა. გარდაცვლილ მამაკაცს რამდენჯერმე ძვირადღირებული ოპერაცია და ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. ბევრი დადის საქართველოში სამკურნალოდ, იქ არ ყოყმანობენ, გიმკურნალონ თუ არა - თუ დახმარება გჭირდება, გეხმარებიან. იმედი მაქვს, რომ ბიბილოვი ასე არ მოექცევა ხალხს, ეს არ იყო მისი წინასაარჩევნო დაპირება", - განაცხადა აქტივისტმა. ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემას დაპირდა. მისი წინამორბედი, ლეონიდ თიბილოვი კი, 2012 წ. ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს დე-ფაქტო ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდებოდა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)