|
2016-10-12 16:13:10, 863 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 125 იუნკერი შეემატა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 125 იუნკერი დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეემატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. უწყების ინფორმაციით, იუნკერებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება იუნკერების მიერ ფიცის დადებით აღებულ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა. „გილოცავთ ბატონო იუნკერებო დღევანდელ დიდებულ დღეს! ეს თითოეულის ბიოგრაფიაში იქნება უდიდესი დღე; იმიტომ, რომ დღეიდან თქვენ უკვე სრულფასოვანი წევრები ხართ ქართული შეიარაღებული ძალების. ფიცის დადება საჯაროდ, როგორც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის მხოლოდ ღირსეულთა, გამორჩეულთა ხვედრი. იმიტომ, რომ თქვენ საჯაროდ იღებთ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი ქვეყნის, ერის წინაშე. ფიცით თქვენ ჩვენს დიდებულ წინაპრებს ესაუბრებით, მათ წინაშე დებთ პირობას, რომ გააგრძელებთ ღირსეულ საბრძოლო ტრადიციებს. ფიცით თქვენ ჩვენი თანამედროვეობის გმირებს ესაუბრებით, რომ იდგებით მათ გვერდით, მათ სახელს გააგრძელებთ, მათ ხსოვნას უერთგულებთ და თქვენი ფიცით თქვენ ესაუბრებით, ასევე თქვენს მომავალს, საქართველოს მომავალს, იმიტომ, რომ, სწორედ, თქვენს სიმტკიცეზეა, ფიცის ერთგულებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი მტკიცენი, შეუდრეკელნი, ბრძოლისუნარიანი იქნებით მომავალში; ამიტომ, თქვენს ფიცს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვის პირადად. დღეიდან თქვენ თითოეულმა უნდა აიღოთ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, უნდა შექმნათ ის რეალობა, რომელიც ფიცის აღსრულებას დასჭირდება და ეს რეალობა უნდა იყოს თავდადებისა და წესიერების მაგალითი, უნდა იყოს მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია, ღირსეული ცხოვრება და თქვენი განათლებით, კვალიფიკაციით, ბრძოლის უნარით, სწორედ, დღეიდან თქვენ ამ რეალობის შექმნა უნდა უზრუნველყოთ და ეს რეალობაა, სწორედ, გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მომავალში უფრო წარმატებული, უფრო დაცული და უფრო თავისუფალი, ამიტომ თქვენზეა, სწორედ, ეს დამოკიდებული. თქვენს ღირსეულ ბრძოლის უნარზე, შემოქმედებაზე იმ სფეროში, რასაც ქართული შეიარაღებული ძალები ჰქვია. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თქვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა. თქვენმა მოღვაწეობამ მომავალში მოგცეთ ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ იყოთ ამ ფიცის ერთგულნი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებდი, რომ ის მოლოდინები, რომელიც აქვთ თქვენი ოჯახის წევრებს, მშობლებს და მეც, როგორც თქვენს ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს და გულშემატკივარს, ღირსეულად აგესულებინოთ!“ – განაცხადა ლევან იზორიამ. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების განათლების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ. „მოხარულები ვართ, რომ ახალი შევსება მივიღეთ. ქვეყანას სჭირდება სამხედრო ინტელიგენცია. ეს ის თაობაა, რომელიც სწორ გზაზე დგას, მათგან გაიზრდებიან მოაზროვნე სამხედროები, რაც ასე მნიშვნელოვანია. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, ვალდებულებები პარტნიორ ქვეყნებთან და ფასეულობები. ეს ის თაობაა, რომელიც ამას შეძლებს ჩვენთან ერთად“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ფიცის დადებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს; შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. აკადემიის იუნკერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცა. იუნკერთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ იუნკერთა ოჯახის წევრები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრი გაესაუბრა და შვილების წარმატება მიულოცა. პირველი კურსის იუნკერებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ორეტაპიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ახალწვეულებმა წარმატებით გაიარეს ტაქტიკური და საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები. დაეუფლნენ იარაღთან ურთიერთობისა და დამიზნების წესებს, ასევე გაეცნენ სადისციპლინო წესდებას. (NS)
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)