|
2015-02-18 20:52:53, 604 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: რუსეთის ფედერაცია ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებას გმობს. უწყება აღნიშნულ ფაქტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ქმედებად აფასებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს არ წარმოადგენს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს ამ ფაქტს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის აღსაკვეთად ქმედითი ზომები მიიღოს. „2015 წლის 18 თებერვალს ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ქმედებას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური შეცვლის მცდელობას. გარდა ამისა, ხელმოწერილი დოკუმენტით რუსეთის ფედერაცია ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, რომელსაც შედეგად გამოიღებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ დაგეგმილი გაფორმება. ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ უკანონო ქმედების გამო. საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის აღსაკვეთად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)