|
2025-12-29 11:27:15, 4389 ნახვა
პოლიტიკა
შსს: ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ხელმძღვანელობდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
ქართული ოცნების შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრიფინგზე მან თქვა, რომ მკვლელობის შემკვეთი ქართული ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე იყო და მკვლელობას ის ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე დარახველიძის თანახმად, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შსს-ს განცხადება სრულად: "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა! შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა".
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)