|
2024-10-07 11:16:48, 580 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს
"ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საგარეო ვიზიტებია. "როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში. აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტი 2023 წელსაც სცადა, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ მოახერხა. გასული წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)