|
2024-04-04 11:40:12, 455 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი - წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საპარლმენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის დაინიცირების პარალელურად, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელია. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის განმეორებით ინიცირებას. მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. დღეს, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს, გააღრმავოს პოლარიზაცია. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს, ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას. ჩვენ გამჭვირვალობასთან არავითარი დისკომფორტი არ გვაქვს. თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ეს ხართ თქვენ და თქვენი ხელისუფლება: სად არის მთავრობის დამალული განკარგულებები, სად არის ქოლცენტრებზე და დასანქცირებულ მოსამართლეებზე საგამოძიებო კომისია, სად არის დეკლარაციებში ნათესავების წრის გაფართოება და სხვა?! მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა გსურთ და თავის გადარჩენის გამო აკეთებთ ამას. ყველა ინსტიტუტი თქვენს ხელშია და შინაარსობრივად, ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობთ და თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს - იმოქმედეთ, გამოავლინეთ და დასაჯეთ! როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე საუბრობდე და არათუ ათანაბრებდე ოკუპანტს და სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მეტად ერჩოდე და ემუქრებოდე სტრატეგიულ პარტნიორს?! შემდეგ გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რადაც ეს კანონი საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად შეაფასა რუსულ კანონად! ამიტომ, “არა, არ არის რუსულის“ თქმის ნაცვლად, ადექით და დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები - რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული?! ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია, ამიტომ, როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ",- აცხადებს ლილუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინვე დააინიცირეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, „ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, „ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, „ნაკლებად ლიბერალური" იყო. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)