|
2023-10-30 18:27:39, 669 ნახვა
პოლიტიკა
სებ-ი - სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია
ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას,- ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. "ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული. საქართველოს ეროვნული ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან. ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია",- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. ცნობისთვის, 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელა. 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)