|
2023-09-12 09:16:45, 665 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - EU-ის კარი ღიაა - იმედია, ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას თავის ევროპულ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი. ბორელის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს. "საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. ამაზე ვისაუბრე ქართველ პარლამენტარებთან – უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა კი კოოპერატიული. ევროკავშირში გაწევრიანება – ეს ეროვნული მიზანია, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიან. პრეზიდენტი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან... გასულ კვირას პირველად ვესტუმრე საქართველოს, რადგან მსურდა, სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამას. ჩემი ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა სურვილი და თხოვნა, რომ საქართველოს მალე მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით ვისმენთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან... ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას თავის ევროპულ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა",- წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)