|
2023-07-31 13:33:30, 789 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ბათუმის პორტში აქციაზე - ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა
ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა - ჩვენ საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს "ნაცმოძრაობის" ამ აქციაში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციას. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, ინფორმაცია, რომ სოჭიდან შემოსულ საკრუიზო ლაინერზე არიან ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ "ოკუპაციის შესახებ კანონი", სიმართლეს არ შეესაბამება. "შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერზე არიან ადამიანები, ვინც დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს... მადლობა ღმერთს, რომ თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან მიმართებაში არის საკმაოდ თვალშისაცემი",- აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, აქცია ბათუმის პორტში საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს შესვლის გასაპროტესტებლად დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)