19:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 13:29:51, 950 ნახვა

საზოგადოება
ნინო ნადირაძე - ნეტა იყოს მალაბსორცია, მოწამვლა, დემენცია - ჩვენი ხელით გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით

ნეტა იყოს ეს მალაბსორცია, მოწამვლა, დემენცია - ნეტა იყოს ეს ყველაფერი, ჩვენი ხელით პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით, -  ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. 

როგორც ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე აღნიშნა, კლინიკამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა დიაგნოზი სრული სიზუსტით დასვა. 

"პირველი წამიდან, როდესაც პაციენტი შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში, მე დავიბარე ყველა ეს ადამიანი და ავუხსენი, რომ მათ მოუწევდათ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი სტაფის შერჩევა, რომლებსაც ძალიან ეშინოდათ ამ რთულ სიტუაციაში აღმოჩენა, რადგან ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. 

ზუსტად ვიცი, რომ ყველა ის დასმული დიაგნოზი, რაც ჩვენ ფორმა 100-შია წარმოდგენილი, აბსოლუტურად შეესაბამება სიზუსტეს. სადღაც ორ-სამ კვირაში ჩვენ გვქონდა სრული დიაგნოსტიკური ჩამონათვალი. ბოლოს, რა თქმა უნდა, როდესაც ეს პროცესი გახანგრძლივდა და 500 კალორიაზე რომ არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ცოტა 1500 კალორია მაინც უნდა მიიღოს დღეში, რა თქმა უნდა დაემატა კახექსიაც.  

პაციენტი, რასაც ჭამს - იმას ირგებს. იქნა აღებული ანალიზი განავალზე და იქ სტეატრია საერთოდ არ იყო და არც სხვა ბევრი მარკერი, რაც მიუთითებს მალაბსორციის არსებობაზე. ნეტა იყოს ეს მალაბსორცია, ნეტა იყოს მოწამვლა, ნეტა იყოს დემენცია - ნეტა იყოს ეს ყველაფერი. ჩვენი ხელით პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით, იმიტომ რომ 9 თვის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში და ამ ჯოჯოხეთს ვიტანთ მაქსიმალური თავშეკავებით",- განაცხადა ნინო ნადირაძემ. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს. 

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics