|
2022-09-16 15:08:09, 969 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა
„საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილის საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითრების ახალ ეტაპზე გადავიდა. „დღეს, ყველა ობიექტური კვლევით, აუდიტის სამსახური უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. კერძოდ, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მიერ 2022 წელს განხორციელებული ერთობლივი შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური 4 ქულიდან 3,4 ქულა მიიღო. ხოლო, მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაქსიმალური 10 ქულიდან 9,5 ქულით არის შეფასებული. ამ შედეგებისთვის მინდა ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის მაგალითია.
„ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახალ გენერალურ აუდიტორს მხარს დაუჭერს ოპოზიციაც.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარლამენტს და მის თითოეულ წევრს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერებაზე და ეფექტიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს. კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება მომავალ კვირას. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ცოტნეს ექნება საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიც მხარს დაუჭერენ ახალ გენერალურ აუდიტორს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)