|
2015-07-16 13:58:13, 531 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი პატიმრებს: გისურვებთ მალე დაუბრუნდეთ ოჯახებს და აღარასდროს დაბრუნდეთ აქ
გისურვებთ მალე დაუბრუნდეთ ოჯახებს და აღარასდროს დაბრუნდეთ აქ, ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოთ,- ასე მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა #16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს. დღეს რუსთავში სრულიად რეაბილიტირებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული #16 პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. მთავრობის მეთაურმა დაწესებულება დაათვალიერა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. „წლების განმავლობაში, სწორედ აქ, ამ ციხეში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვნახეთ საშინელი კადრები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ჩვენ წერტილი დავუსვით არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში და პრაქტიკულად რევოლუციური გარდაქმნა მოვახდინეთ ამ სისტემის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს და მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ძირებული რეფორმების გატარებისთვის და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია თვისებრივად სრულიად ახალი, ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენაა. „აღსანიშნავია, რომ მინიმუმამდე შემცირდა სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივართა რაოდენობა. გარდა ამისა, გადაიჭრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პატიმართა საცხოვრებელი ფართობი 2 კვადრატული მეტრიდან 4 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა; მსჯავრდებულთათვის განისაზღვრა ახალი კვების სტანდარტი; გაიხსნა განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რომელშიც ასევე ფუნქციონირებს საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისათვის; დაიწყო C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს. ამ დროისათვის გამოკვლევა ჩაუტარდა 10 ათასზე მეტ მსჯავრდებულს, ხოლო 263 მსჯავრდებული უკვე განიკურნა, - ეს იყო გადაუჭრელი პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის მთავრობა უმკურნალებდა პატიმრებს. მათი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხის ქვეშ ჰყოლოდათ პატიმრები,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების მე-16 დაბალი რისკის დაწესებულება სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს ამ სტანდარტებით დადგენილ ყველა მოთხოვნას და მთლიანად ორიენტირებულია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე. სისტემაში მიღწეულ წარმატებებსა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის, ამერიკის ვისკონსინის შტატის წარმომადგენელმა და ევროკავშირის ელჩმა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში #16 დაწესებულების თანამშრომლებმა ვისკონსინის შტატში სწავლება გაიარეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს დაეთმო. 1048 მსჯავრდებულზე გათვლილ დაწესებულებაში რეკონსტრუქციის შედეგად, გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი ჰოლები, საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები. ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოს და სიმშრალეს ინარჩუნებს. დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია. საცხოვრებელის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდა სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე - ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები. ინფრასტრუქტურა მოეწყო მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს. ხანგრძლივი პაემნებისთვის მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით. ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი ღია მოედნები და სპორტდარბაზი. დაბალი რისკის დაწესებულების ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს საწარმოო ზონაც, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)